სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება გავრცელდა, სადაც ის, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. თუმცა, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტავენ, ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილს არ ეკუთვნის. გვერდი კი, რომელზეც ტექსტი განთავსდა, გაყალბებულია.
„ჩვენ გეგმაზომიერად მივდიოდით ამ გზით მთელი 9 წლის განმავლობაში, დღეს მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი, საქართველო შედგა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამ არჩევნებით ჩვენ, როგორც ერმა, გამოვავლინეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, როგორც თავისუფლებისკენ მიზანსწრაფულმა საზოგადოებამ, როგორც დასავლური სამყაროს განუყრელმა ნაწილმა, ჩვენ დავუმტკიცეთ მათ, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ მათ დიდ ოჯახში ყოფნას.
ასევე ამ არჩევნებმა ჩვენს მტერს ნათლად დაანახა, რომ მისი ყველა მცდელობა ქვეყნის დემორალიზაციისა, დასუსტებისა და დამორჩილებისა უსუსურია, ამ დიდებული გონიერი, ნიჭიერი ერის წინაშე, რომელთაც გასაჭირი კიდევ უფრო აერთიანებს და კრავს ერთ განუყრელ ნაწილად“, - საუბარია განცხადებაში, რომლის რეალურობასაც პრეზიდენტის პრესსამსახური უარყობს.