ეს განცხადებები ადასტურებს იმას, რომ შეკითხვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე არ უნდა იყოს, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს.
მისი თქმით, ეს განცხადებები ადასტურებს იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ამბობდა.
„პირველ რიგში ალბათ უნდა აღინიშნოს ის, რომ გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელისა და ასევე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერებული ის მესიჯები, რაც ერთი მხრივ არის, რომ იდეალურად ჩატარდა არჩევნები საქართველოში და მეორე მხრივ ის, რომ ოპოზიცია არ იღებს საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ მიღებული მანდატით შეასრულოს თავისი ამომრჩევლების ნება, შემოვიდეს პარლამენტში და იმუშაოს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“, ქართული საზოგადოება ამბობდა და ადასტურებს იმას, რომ შეკითხვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე არ უნდა იყოს. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ კონკრეტულ, მიზანმიმართულ თავდასხმებს, რაც კონკრეტული ლობისტების იქნება, კონკრეტული ქვეყნების თუ ორგანიზაციების მხრიდან კეთდება. ისინი არიან პატრონები იმ რადიკალური ოპოზიციისა, რომლებიც სვამენ კითხვას არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ მათი მთავარი მიზანი რევოლუციის მოწყობა იყო. კიდევ ერთხელ ხაზი ესმება იმას, რომ ეუთო/ოდირი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული ორგანო, რომელიც არჩევნებს აკვირდება, მათი გენერალური მდივნის მხრიდან ხდება შეფასება და ამ შეფასებას უგულებელყოფენ. რა თქმა უნდა ეს მათზე არის დამოკიდებული, გაითვალისწინებენ თუ არა, თუმცა საზოგადოებისათვის კიდევ უფრო მეტად გახდა ნათელი ის, რომ საქართველოში ჩატარდა არჩევნები იდეალურ მდგომარეობაში და ის, რომ ოპოზიცია არ ასრულებს თავისი ამომრჩევის ნებას და 40%-ზე მეტს როდესაც იღებ მანდატს და ამ მანდატს უგულებელყოფ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას, პირველ რიგში თავის ამომრჩეველთან. ასე რომ ჩვენი საზოგადოებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისათვის, ხელისუფლებისათვის არაფერი განსაკუთრებულად ახალი არ ყოფილა, ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ეუთოს გენმდივანმა გუშინდელ სხდომაზე განაცხადა: „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს“.
განცხადება გააკეთა შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმაც. დანიელ ფესლერმა განაცხადა: „არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთ და დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ მომხდარა“.