"როდესაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება გაფორმდება, ქართული სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება და უფრო სამართლიანი გახდება“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მოხერხდება და დამტკიცდება, რომ მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს.
მისი თქმით, სასამართლოში ეხლა ორი სარჩელია შეტანილი, თუმცა ორივე მათგანი შეჩერებულია.
„ორიდან ერთ-ერთი ამუშავდება, საქართველოს მოქალაქეობა დამიმტკიცდება და პარლამენტში დავმტკიცდები, როგორც პრემიერ-მინისტრი“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ პრემიერ-მინისტრად დამტკიცდება.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საარჩევნო სიაში არ შევიდა და მოქმედი კონსტიტუციით არ ისარგებლა.
„დღესაც არ ვისარგებლე და ერთი ხმა დავკარგეთ. არ ჩამთვალეს საქართველოს მოქალაქედ და მე, როგორც ევროპელმა, ეს არ ვიკადრე. არ ვიკადრე ასეთი კონსტიტუციის გამოყენება“ - განაცხადა ივანიშვილმა.