პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სამტრედიაში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნება“ აბსოლუტური უმრავლესობით მოიგო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს მაჟორიტარულ ოლქებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იგებს სისულელეა.
კალაძის განცხადებით, სამტრედიაში მობილიზებული იყო სპეცნაზმი, თუმცა ისინი ოთახებიდან არ გამოსულა.
მისივე თქმით, ამჟამად, სამტრედიაში სიმშვიდეა და ხმების დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.
„საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა და ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. ხალხმა ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს თავისი სათქმელი უთხრა. კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ჩვენი მომხრეები ახლაც საარჩევნო უბნებთან იმყოფებიან, ახლა მაქსიმალური ყურადღება გვაქვს გამახვილებული, რადგან რომელიმე საარჩევნო უბანზე კიდევ შეიძლება, რაღაც-რაღაცები გააკეთონ. ძალიან მობილიზებულია ჩვენი მოსახლეობა, რომლებმაც ხმა მისცეს ნათელ მომავალს და ეს ადამიანები მთელი ღამის განმავლობაში, იქ იდგებიან, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მაქსიმალურად ვეცდები იმედები, რაც ქართველ ხალხს, „ქართული ოცნების“, ჩემს და ჩემი გუნდის მიმართ აქვთ არ გავუმტყუნოთ. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ქვეყნისთვის, ხალხისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“, - განაცხადა კალაძემ.