დავით უსუფაშვილი: ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა, ეს არ გაუვა

დავით უსუფაშვილი: ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა, ეს არ გაუვა

კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას ვერ მიაღწევს.

მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული და აღნიშნავს, რომ ამას ელოდნენ კიდეც.

 „გამარჯვების ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, ეს თვეების განმავლობაში ნათელი და ცხადი იყო, მიუხედავად იმ უსამართლო გარემოსი, რაშიც ჩვენ გვიწევდა ყოფნა. მიუხედავად ამისა ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა, ეს არ გაუვა. ჩვენი მონაცემებით, "ქართული ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული, თუმცა საბოლოო პროცენტებზე და ადგილების რაოდენობაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე აზრით, ზეიმის მიუხედავად კოალიციამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს, რადგან ვიდრე შედეგები ქაღალდზე არ გადავა, ბრძოლა დასრულებულად არ ითვლება.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა არჩევნების მოპარვის მცდელობა, მაგრამ არჩევნების მასშტაბური გაყალბების საშუალება მას საბოლოოდ ხალხის გადაწყვეტილებამ არ მისცა.

„ხალხის აზრის წინააღმდეგ წასვლა არც ერთ ძალას არ შეუძლია. შეიძლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა სააკაშვილის ბაგეთაგან გაჟღერებულიყო სიტყვები, რომ ის დამარცხდა, თუმცა ეს მოხდა და მოხდა იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებსაც კი, როგორიც სააკაშვილია, საზოგადოების აზრის წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლია", - აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მათი პრიორიტეტი იქნება ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანება და იმის დემონსტრირება, რომ ის, ვინც სხვა პარტიას მისცა ხმა, დაჩაგრული არ იქნება.