კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ოპოზიციად მოიხსენიებს და მასთან და პირადად სააკაშვილთან თანამშრომლობის სურვილსაც გამოთქვამს.
მისი თქმით, ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხებს თანამშრომლობას თვითონ სააკაშვილი.
„ეს კაცი მოვიდა არაფრის გამკეთებელი, ასეთივე გუნდი მოიყვანა. ძალიან მძიმედ წარმომიდგენია, როგორ მოახერხებს ის უმრავლესობასთან თანამშრომლობას. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია, თუმცა, თავად ჩემთვის არანაირი პრობლემა არაა, მე დიდი გამოცდილება მაქვს. ვნახოთ, გახსნილი ტექსტით ვეუბნები საქართველოს მოსახლეობას, ჩვენგან პრობლემა არ იქნება, თუკი იგივეს მოახერხებს ჩვენი ოპოზიცია, ოპონენტები – უკვე შეგვიძლია "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში წარმოვიდგინოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბარში.
ამასთან, ივანიშვილის ვარაუდით, უმცირესობაში დარჩენას "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წევრი აღარ მოინდომებს და მათ უმრავლესობას "ქართულ ოცნებაში" კარს გაუხსნიან.
„იქ ბევრი ღირსეული ადამიანია და ალბათ ბევრი მოინდომებს ჩვენთან გამოსვლას. ალბათ უმრავლესობას კარს გავუღებთ, წინააღმდეგობა არ გვექნება", - დასძინა ივანიშვილმა.