საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს მიერ  მიმდინარე საარჩევნო პროცესების  დროს გამოვლენილი დარღვევების ნუსხა

საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს მიერ მიმდინარე საარჩევნო პროცესების დროს გამოვლენილი დარღვევების ნუსხა

საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ   მთელი დღის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას აქვეყნებს.

„ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღის განმავლობაში შემდეგი სახის დარღვევების ტენდენცია გამოავლინდა:

ჩვენს მიერ დაფარული უბნების უმრავლესობაში იმაზე ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი იყო შეტანილი, ვიდრე ამომრჩეველთა სიაში მყოფი მოქალაქეთა რაოდენობა;

ბევრ უბანზე არ მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი აპარატი ან იყო უვარგისი სითხე (ქობულეთის ოლქი, N47-ე უბანი; ფოთის ოლქის რამდენიმე უბანი; ჩოხატაურის და ოზურგეთის ოლქის რამდენიმე უბანი);

დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ვერ მისცეს ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი (აჭარის რამდენიმე უბანში, კერძოდ, ბათუმის მე-3, მე-17, 23-ე, 32-ე, 82-ე და მე-16 უბნებზე და ასევე სხვა უბნებზე);

ბევრ უბანში არეული იყო ბეჭდები (საჩხერის რამდენიმე უბანზე, სადაც უმეტესად გამოსწორდა პრობლემა, ჭიათურის 48-ე და 57-ე უბნებში იყო სხვა უბნების ბეჭდები, თუმცა გამოცვლა არ მოხდა, მიუხედავად არაერთი მითითებისა და საჩივრისა; სიღნაღის ოლქის მე-5 უბანზე მდივნის და რეგისტრატორის ბეჭდები ერთმანეთში აირია);

დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უბანზე მყოფ დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამკერდე ნიშნები (გორის ოლქის 67-ე უბანი, ზუგდიდის ოლქის 102-ე უბანი);

რამდენიმე ათეულ შემთხვევაში ამომრჩევლებმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცეს ხმა ან არ იყვნენ უბნის ამომრჩევლები და მისცეს ხმა (ახალქალაქის ოლქის მე-19 უბანი; კასპის ოლქის მე-9 უბანი);

რამდენიმე უბანში ამომრჩეველმა უბნის გარეთ გაიტანა ბიულეტენი. არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება საქმე გვქონოდა ე.წ. „სომხურ მარაოსთან”, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული დარღვევაა (საბურთალოს რაიონის 52-ე და 53-ე უბანი; მთაწმინდის ოლქის მე-16 უბანი);

ბევრ უბანზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ კომისიის წევრების მხრიდან მოდიოდა აგრესია, დილით არ უშვებდნენ დამკვირვებელს უბანზე დაგვიანების გამო, ხოლო მოგვიანებით რამდენიმე დამკვირვებლის გაძევებაც სცადეს უბნიდან (ჭიათურის 48-ე უბანი; სიღნაღის ოლქის მე-17 უბანი; დუშეთის ოლქის 49-ე უბანი; გლდანის ოლქის 94-ე უბანი);

რამდენიმე ათეულ უბანზე არ არეგისტრირებდნენ ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაწერილ საჩივრებს (ჭიათურის 48-ე უბანი);

ხაშურის ოლქის 36-ე უბანზე მას შემდეგ, რაც საარჩევნო ყუთიდან ბიულეტენები მაგიდაზე დასათვლელად გადმოყარეს, კომისიის წევრმა გივი მჭედლიძემ  თავისი ბიულეტენები დააყარა ყუთიდან გადმოყრილებს.

რამდენიმე ოლქში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დღის ბოლოს ფიქსირდება შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის თანამშრომლების მობილიზაცია, უბნის ტერიტორიაზე ასეთი პირები არ შესულან, თუმცა მესტიაში, ბათუმში, სიღნაღში პატრულირებენ უბნებთან.

საერთო ჯამში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სერიოზული დარღვევების გამო მოითხოვა 3 უბნის გაუქმება (ბათუმის ოლქის მე-17 უბანი, ხაშურის ოლქის 36-ე უბანი; სიღნაღის ოლქის მე-5 უბანი).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლებმა ამ დრომდე უკვე 47 საჩივარი დაწერეს.

ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, გამოეხატა თავისი ნება და მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია, ხმის დათვლის პროცედურა დარღვევების გარეშე ჩატარდება, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ნება აისახოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე“,- ნათქვმია საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.