დავით დარჩიაშვილი: ეგზიტპოლებში ჩვენი დაბალი მაჩვენებელი ოპოზიციის მიერ დაშინების კამპანიამ გამოიწვია

დავით დარჩიაშვილი: ეგზიტპოლებში ჩვენი დაბალი მაჩვენებელი ოპოზიციის მიერ დაშინების კამპანიამ გამოიწვია

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ კვლევის სანდოობაში, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო შედეგები ჯერჯერობით მაინც უცნობია.

როგორც დარჩიაშვილმა From.ge სთან საუბარში განაცხადა, ეგზიტპოლების შედეგებში ძალიან მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც უარი თქვეს თავიანთი პოზიციის ნათლად დაფიქსირებაზე, რაც დარჩიაშვილის აზრით, იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საზოგადოება ზეწოლის ქვეშ იმყოფება და საკუთარ აზრს ნათლად დაშინების გამო  ვერ გამოხატავს.

 „აღნიშნული მონაცემებში  პარტიული სიებით ჩვენი დაბალი შედეგი ძალიან მცირეა. ესეც გამოწვეულია იმით, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიცია ისე მძაფრად ატარებდა დაშინების კამპანიას, რომ ჩვენს მომხრეთა დიდ ნაწილს და რიგით ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება კამერების წინ თამამად ესაუბრათ.

 ბოლო პერიოდში ციხეებში ჩადენილმა დანაშაულებმა და ამას დამატებული ბავშვის ტრაგედიის პოლიტიკურმა ნიშნებმა, თავისთავად მოახდინა გავლენა ამომრჩევლის განწყობაზე და საბოლოო შედეგებზე“, - დასძინა დარჩიაშვილმა.

როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, შედეგი რომ ასეთივე დარჩეს, ეს მათ მისცემს იმის საშუალებას, რომ საბოლოო რეზულტატი მაჟორიტარული ოლქების შედეგების საშუალებით დაბალანსდეს და მოხერხდეს მთავრობის ფორმირება.