„გავიმარჯვეთ! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად შრომობდა და იღვწოდა ამ დიდი გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს ვინც მოახერხა და ქვეყნის განვითარებისთვის დადგა ჩვენს გვერდით“, -ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების გაცნობის შემდეგ, კოალიციის ცენტრალურ ოფისთან დამონტაჟებულ მონიტორთან განაცხადა.
„ყველამ კარგად ვიცოდით, თუ სად იყო საქართველო, რა იყო რეალობა და რომ ეს არ იყო იოლი საქმე, მაგრამ ქართველმა ხალხმა გმირულად, იმიტომ რომ, ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციები, დიდი გამოცდილება და რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი და კულტურული ხალხი ვართ აი, ამან გაიმარჯვა ყველაფერმა ერთად და იმას მივაღწიეთ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ნიშნავს.
ჩვენ მოვალთ და ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. აღარ მოხდება საქართველოში ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა. ქვეყანაში დაბრუნდება სამართლიანობის განცდა. ჩვენ მოვალთ, ჩვენს საყვარელ პოლიციას, პროკურატურას ჩავაყენებთ ხალხის სამსახურში. ჩვენ მოვალთ, მედიას გავათავისუფლებთ ყოველგვარი ზეწოლისაგან. ჩვენ მოვახერხებთ და ქვეყნის შიგნით, ყველაზე დიდ უბედურებას, ყველაზე დიდი უსამართლობას დავძლევთ, შევძლებთ და ღირსებას დავუბრუნებთ ყველა ოჯახს. აუცილებლად პატივს ვცემთ ჩვენს ოპონენტებს. არასოდეს არ მოხდება განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ და აუცილებლად გავხდებით ევროპის სრულყოფილი წევრი“, - განაცხადა ივანიშვილმა.