გუბაზ სანიკიძე ქუთაისში არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს

გუბაზ სანიკიძე ქუთაისში არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს

კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გუბაზ სანიკიძის ვარაუდით, შესაძლოა არჩევნების შედეგები ხმების დათვლის პროცესში გაყალბდეს.

მისი განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლისა და საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად, წინასწარი შედეგებით "ქართული ოცნება" როგორც მაჟორიტარების, ასევე პარტიული არჩევნებს იგებს და სავარაუდოდ, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, თუმცა გაყალბების საფრთხეები არსებობს და ხმების ბოლომდე დაცვაა საჭირო.

„ქართული ოცნების" შტაბს აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შემუშავებული აქვს გაყალბების რამდენიმე მეთოდი, რომლის გამოყენებასაც აპირებენ ხმების დათვლის პროცესში. ერთ-ერთ ასეთ მეთოდი ყუთების შეცვლა და არ გამოირიცხება, რომ დღეს საღამოს ასეთ ფაქტებს ჰქონდეს ადგილი“ - განაცხადა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ გაყალბების მცდელობები დღის განმავლობაშიც მრავლად იყო.

გარდა ამისა, სანიკიძის თქმით, იყო დამკვირვებლებზე ზეწოლა და შეზღუდვის ფაქტები, ხუთი დამკვირვებელი უბნებიდან გააძევეს, დააკავეს საორგანიზაციო ჯგუფის ექვსი წევრი, თუმცა ამომრჩევლის აქტიურობის შედეგად პროცესი მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ლოგიკურ შედეგამდეც მივა.

„საფრთხეების მიუხედავად საარჩევნო პროცესი არ ჩაშლილა ქუთაისში არც ერთ უბანზე, რაც არის როგორც უცხოელი დამკვირვებლების აქტიურობის და მხარდაჭერის შედეგი, მათი სამართლიანი პოზიციის შედეგი, ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და სადამკვირვებლო ჯგუფების მუშაობის შედეგიანობაც და გარდა ამისა საზოგადოების აქტივობისაც“, - დასძინა მან.