ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია 70-ე საოლქო კომისიაში კოალიციის წარმომადგენლების შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების გასაცნობად კომისიაში პირადად მივიდა.
ბესელიამ მოითხოვა კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავას მიერ გაცემული განკარგულების გაცნობა, რომლის საფუძველზეც საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს სიტყვიერი დავალება მისცა, რათა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქო კომისიაში - ლილი გელაშვილი, ლევან ჩოჩია და ზურა მეზურნიშვილი არ შეუშვან უბნებზე.
შტაბის ინფორმაციით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავამ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს სიტყვიერი დავალება მისცა, რათა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქო კომისიაში - ლილი გელაშვილი, ლევან ჩოჩია და ზურა მეზურნიშვილი არ შეუშვან უბნებზე.
„საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავას მხრიდან მსგავსი სიტყვიერი ბრძანების გაცემა ეწინააღმდეგება არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას. ეს არის პირდაპირ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, რადგანაც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 70-ე საარჩევნო ოლქის კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს უფლება აქვთ შევიდნენ ნებისმიერ უბანზე და კენჭისყრის პროცესს, არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ და საჩივრები შეიტანონ საოლქო კომისიაში“, - აცხადებენ ბესელიას პრესსამსახურში.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბის იურისტები ურჩევენ 70 საოლქო კომისიის ხელმძღვანელს, კარგად გაეცნოს საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც ნამდვილად არ უზღუდავს საოლქო კომისიის წარმომადგენელს უბნებზე შესვლას.