ორგანიზაციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დედაქალაქში არჩევნების პროცესში დარღვევები დააფიქსირა

ორგანიზაციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დედაქალაქში არჩევნების პროცესში დარღვევები დააფიქსირა

კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დედაქალაქში რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის არის შემდეგ დარღვევები:

მთაწმინდის #61 საარჩევნო უბანზე მობილურით გადაღება აკრძალეს; კრწანისის #75 უბანზე ვიდეო და ფოტო გადაღებაზე პრობლემებია. სოლოლაკში #67 სკოლაში განთავსებულ #7 უბანზე სომხური კარუსელის ფაქტები აღინიშნება. ასევე, ვაზისუბანში #73 და #69 უბნებში არ არის მარკირება და არ არიან დამკვირვებლები.

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ ინფორმაციითვე, საბურთალოს #71 უბანზე კონვერტებისა და ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ამასთან, ორივე - კონვერტები და ბიულეტენები სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია. ამავე უბანზე კომისიის ოთახს მეორე კარი აქვს, საიდანაც რამდენჯერმე უცხო პირების შესვლა დაფიქსირდა.

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლების თქმით, სამგორის #51 უბანზე დამკვირვებლის ბეიჯების გარეშე უცხო პირები იმყოფებოდნენ.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ პირებს წითელი მაისურები წარწერით -„დამკვირვებელი“ ეცვათ, თუმცა, მათი იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. კოალიციის დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ მათ უბანი დატოვეს.

„ისნის N65 ოლქში მარკირების პროცესი ვერ კონტროლდება. როგორც ირკვევა, 250 ამომრჩეველზე მეტმა მარკირების გარეშე მისცა ხმა. ჩვენმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, რომელსაც კომისიის მდივანი არ იბარებდა. უბანზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიშალოს“ - აცხადებენ კოალიციის წევრები.