შვეიცარიაში საქართველოს კონსულმა, მელიქიშვილის გამზირზე 2007 წლის 21 მაისს დახვრეტილი აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა. ამის შესახებ from.ge-ს თავად რუსუდან შარაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ათიოდე დღის წინ კონსულს ტელეფონით დაუკავშირდა და ჰკითხა შეძლებდა თუ არა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას. კონსულმა განუმარტა, რომ რუსუდან შარაძე არჩევნებში მონაწილეობას უპრობლემოდ შეძლებდა.
შარაძის თქმით, ბინის მისამართი, რომელშიც სულ ახლახან გადავიდა საცხოვრებლად და ტელეფონის ნომერი, კონსულს მანამდე ჰქონდა გამოთხოვილი, სანამ რუსუდან შარაძე დაურეკავდა. კონსულმა იგი დააიმედა - რეგისტრაცია გავლილი გაქვთ, 1-ში ჩამობრძანდით და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთო.
“საკონსულო ჟენევიდან ბერნში გადაიტანეს, არჩევნების შედეგები კარგად, რომ გააყალბონ. ბერნში ცოტა ქართველები ცხოვრობენ. იქამდე მატარებლით ჩასვლა არც ისე იაფია. თან, ახალი კანონი შემოიღეს - უნდა წარადგინო ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რისი მიტანაც ყველა ჩვენს თანამემამულეს არ შეუძლია, რადგან მოგეხსენებათ, რომ აქ არალეგალებიც არიან.
მე დღეს ჟენევიდან ბერნში ჩავედი, საკონსულოში მივედი და კონსული, რუსუდან ლადოშვილი მეუბნება, ხმის მიცემისთვის ქართული პასპორტი აუცილებელიაო. არადა, ადრე ვუთხარი, რომ პოლიტდევნილი ვარ და ქართული პასპორტი არ მაქვს. ყველაზე მთავარი ისაა, ჩემი თვალით ვნახე, რომ სიაში ვარ“, - ამბობს რუსუდან შარაძე და იქვე დასძენს, რომ შვეიცარიაში საქართველოს კონსული ან სრული უვიცია, ან პროვოკატორი.