მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უარი თქვა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები მოლაპარაკებების წინაპირობად ითხოვდნენ.
„რუსეთის ლიდერი დაკავებული იყო აშშ-ის პრეზიდენტთან დელიკატური ბალანსირებით, თითქოს, მხარს უჭერდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ტრამპის კეთილგანწყობა შეენარჩუნებინა, ამავდროულად, დაჟინებით მოითხოვდა პირობებს, რომლებიც არსებითად უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასი იყო“, - ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტების აზრით, შედეგი, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის წარუმატებლობად შეფასდება, მისი გაბედული ავანტიურის შემდეგ, როდესაც მან პუტინი პირდაპირ შეხვედრაზე გამოიწვია, ვაშინგტონის კეთილგანწყობის მოპოვებისა და იმის გამოსავლენად, რასაც უკრაინა რუსეთის ლიდერის ომის დასრულების ცარიელ დაპირებებს უწოდებს.