დარღვევები, რომელიც „თავისუფალი საქართველოს“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს

დარღვევები, რომელიც „თავისუფალი საქართველოს“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს

 

საარჩევნო პროცესი დილიდან დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა რიგ უბნებზე დააფიქსირეს კანონის დარღევა:

1.    N35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის  N29 ოსიაურის საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს ,,კახა კუკავა-თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი რადგან მან უბანზე თავმჯდომარის ქმედებასთან დაკავშირებით  (თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად სკოლის დირექტორია  უბნიდან გაიტანა ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა და ზედა სართულზე, საკუთარ კაბინეტში შეინახა) დაწერა საჩივარი (დაირღვა საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მე-16 პუნქტი, რომლის თანახმადაც კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა);

2.    N35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის N8 უბანზე დღის 12:00 საათამდე 2-ჯერ მოხდა საარჩევნო ყუშთში ბიულეტინების უკონტროლო ჩაყრა. აღნიშნული დარღვევა დააფიქსირა „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა და არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებმა;

3.    დიდუბის 24-ე, 26-ე და 27-ე საარჩევნო უბნებზე, რუსთავის 76-ე უბანზე, ოზურგეთის 55-ე (ამომრჩეველთა რაოდენობა - 1134, მიიტანეს - 1000) და საგარეჯოში, პატარძეულში ბიულეტენები მცირე რაოდენობით მიიტანეს;

4.    ფოთის საარჩევნო ოლქში მიიტანეს 5 530 ბიულეტენით ნაკლები;

5.    ბერლინის საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს ,,კახა კუკავა-თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი დასკანერებული მოწმობით (მოწმობის ორიგინალის გაგზავნა დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო). მანამდე 2 დღით ადრე უბანზე მისულ წარმომადგენელს განუმარტეს, რომ შეეძლო მსგავსი სახის მოწმობით უბანზე შესვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოსაც ანალოგიური მიდგომა ჰქონდა, თუმცა კენჭისყრის დღეს პოზიცია როგორც უბანზე, ისე ცესკოში შეიცვალა და წარმომადგენელი უბანზე აღარ შეუშვეს;

6.    დიდუბის 23-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლთა ბარათების უდიდეს ნაწილში ამომრჩეველთა ვინაობა შეცდომით არის მითითებული.

ზოგადი ტენდენციით მასობრივ პრობლემას წარმოადგენს უბნებზე დამკვირვებლების და სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლების არდაშვება და ბიულეტინების ნაკლები რაოდენობა.

ყველა ფაქტზე პარტიის წარმომადგენლების მიერ დაწერილია საჩივრები. „თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო პროცესს მთელი დღის მანძილზე დააკვირდება და დარღვევების შესახებ ინფორმაციას პემანენტულად გაავრცელებს.