"სამართლიანი არჩვენების" ინფორმაციით, 12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 25% შეადგენს.
როგორც „სამართლაინი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, 2008 წელს 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა 22%-ს შეადგენდა.
ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობის შედეგად იქმნება გარკვეული პრობლემები, რაც ძირითადად მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება.
„ახალქალაქის მე-9 საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა ქაოსი, ხმის მიცემა ხდება პირადობის მოწმობის გარეშე, კომისიის წევრები აგიტაციას უწევენ "ნაციონალურ მოძრაობას", ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავენ სუბიექტს და ისე აძლევენ ბიულეტენებს ამომრჩეველს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, გაიზარდა იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს არ ეძლევათ დაკვირვების სათანადოდ განხორციელების საშუალება.
"ამ დროისთვის გამოვლინდა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის სამი ახალი ფაქტი, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ოთხი შემთხვევა, მარკირება არ შემოწმდა სამ უბანზე, არასათანადო დოკუმენტაციით ხმა მისცეს ექვს ადგილას, ასევე გამოვლინდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება-შევსების ხუთი ფაქტი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 34 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 საჩივარი.