კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დღეს დედაქალაქის რამდენიმე უბანში შეიკრიბებიან, სადაც ეკრანები დამოტაჟდება.
როგორც მან დღეს „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მხარდამჭერები ეგზიტპოლების გამოცხადებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდებიან და იზეიმებენ.
„ჩვენი მხარდამჭერები გვირეკავენ და სურთ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, რაშიც დარწმუნებული ვართ. ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისას გადავწყვიტეთ დედაქალაქში რამდენიმე ადგილას დავდგათ დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება ეგზიტპოლების შედეგების გაცნობა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ეკრანი წერეთლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის ქუჩის მიმდებარედ დამონტაჟდება; ნაძალადევში - კიკვიძის პარკთან; გლდანში - მეტროსადგურ „ახმეტელთან“; ისანში - მეტროსადგურ „ავლაბართან“; სამგორში - მეტროსადგურ „ვარკეთილთან“; საბურთალოზე - სპორტის სასახლესთან; კრწანისში - გორგასლის 81-ში; ვაკეში - ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან; ხოლო მთაწმინდაზე - თავისუფლების მოედანზე.
პრესსპიკერის თქმით, ეკრანების დამონტაჟება მხარდამჭერებისთვის საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იგეგმება.