კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისის N5 საარჩევნო უბანზე შს სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა დახურული ბაზიდან ამოღებული დოკუმენტები აღმოჩნდა.
ცენტრის ინფორმაციით, დოკუმენტები, რომელშიც ამომრჩევლის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული, საარჩევნო უბანზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, შალვა ცათიაშვილს და კომისიის ერთ–ერთ წევრს ჰქონდათ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელმა გელა მთივლიშვილმა მოახერხა 22 დოკუმენტის ახმეტის საოლქო – საარჩევნო კომისიაში წარსადგენად წამოღება.
ტელეკომპანია "მაესტროს" კამერამ დააფიქსირა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ასეთი რამდენიმე ასეული დოკუმენტი ჰქონდათ.
თუმცა მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა დოკუმენტების გადაღება მოახერხეს, საარჩევნო უბანზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დუისის რწმუნებულმა მერაბ ქავთარაშვილმა ჟურნალისტები დაადანაშაულა, რომ დოკუმენტები პროვოკაციის მიზნით კენჭისყრის შენობაში მათ მიიტანეს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ზურაბ უძილაური ადასტურებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია შს სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან არის ამოღებული და ხელმისაწვდომია მხოლოდ შსს–თვის.