არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე გამოვლენილი უხეში დარღვევები წარმოადგინა.
ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 1 123 ამომრჩეველი, მიღებული ბიულეტენების რაოდენობა კი - მხოლოდ 900 იყო.
„აღნიშნულის გადასამოწმებლად ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა კომისიის თავმჯდომარე ნანა გვაზავას მიღება-ჩაბარების აქტის ასლი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მხოლოდ მისი „საკუთრება“ იყო“, - აღნიშნეს ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ყუთს აკონტროლებს (ამომრჩეველს კონვერტებს აწვდის) არა საუბნო კომისიის რომელიმე წევრი, არამედ „საარჩევნო სისტემის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებელი მამედ ირზაკულიევი.
„საარჩევნო ყუთზე არ იყო დაფარებული ფურცელი და ეს დარღვევა მხოლოდ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის მოთხოვნის შემდეგ გამოსწორდა.გარდა ამისა, აღნიშნულ უბანზე ხალხის ნაკადის მომწესრიგებლის განკარგულებაში მყოფი მარკირების შემოწმების აპარატი არ მუშაობს“, - განმარტეს ორგანიზაციაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა მარკირების პროცედურა თვითონაც გაიარა და ცოტა ხნის შემდეგ აპარატმა ვერ დააფიქსირა სითხის არსებობა.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლის უხეში ფაქტები ფიქსირდება. კერძოდ, უბანზე მისული თითქმის ყველა ამომრჩეველი ითხოვს დახმარებას კაბინაში, რომლის დროსაც დამხმარე პერსონა (სხვა ამომრჩეველი) მას აშკარად მიუთითებს, რომ ბიულეტენში შემოხაზოს 5 ნომერი.