რიჩარდ ნორლანდი: არჩევნების შედეგები ქართველ ამომრჩეველთა ხელშია

რიჩარდ ნორლანდი: არჩევნების შედეგები ქართველ ამომრჩეველთა ხელშია

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა  ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია და  არჩევნების შედეგები ამჯერად ქართველ ამომრჩეველთა ხელშია.“

ნორლანდმა ჟურნალისტებთან საბურთალოს ოლქის N26-ე უბანზე დაკვირვების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, განცხადებებისა და პროგნოზების მიუხედავად, წინასწარი არავინ იცის, რა შედეგებით დასრულდება დღევანდელი არჩევნები.

„არჩევნების შედეგები დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე. ჩვენ, როგორც დამკვირვებლებს, თხოვნით მოგვმართეს, რათა განვახორციელოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის მონიტორინგი და შეტყობინება გავაკეთოთ ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ვიმედოვნებთ, დარღვევებს ადგილი არ ექნება, მაგრამ თუ ასეთი დაფიქსირდება, ჩვენ მათ შესახებ განვაცხადებთ, განურჩევლად იმისა, ვის მიერ იქნება დაშვებული დარღვევა. ყველას სურვილია, მიღწეულ იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები. ყველა მხარის შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და მხარდამჭერებსაც ამავეს მოუწოდებენ. ამას მოველით ჩვენ, ამას ელის და იმსახურებს ქართველი ხალხი. ჩვენ საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, ნდობისა და მოთმინებისაკენ მოვუწოდებთ, ვიდრე დაითვლება შედეგები და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასება. ქართველებმა უნდა ამაყობდნენ დღევანდელი დღით. საერთაშორისო საზოგადოება კვლავინდებურად საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.