საქართველოში დღეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 84 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი იმოქმედებს.
უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო. 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.
1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 14 პოლიტიკური პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ესენია: პ/გ "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" (საარჩევნო ნომერი 1), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (საარჩევნო ნომერი 4), ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს" (საარჩევნო ნომერი 5), "სამართლიანი საქართველოსთვის" (საარჩევნო ნომერი 9), ბლოკი "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" (საარჩევნო ნომერი 10), "სახალხო მოძრაობა" (საარჩევნო ნომერი 17), "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" (საარჩევნო ნომერი 19), პ/გ "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" (საარჩევნო ნომერი 23), პ/გ "ახალი მემარჯვენეები" (საარჩევნო ნომერი 24), "სახალხო პარტია" (საარჩევნო ნომერი 26), "მერაბ კოსტავას საზოგადოება" (საარჩევნო ნომერი 30), "მომავალი საქართველო" (საარჩევნო ნომერი 35), "საქართველოს მშრომელთა საბჭო" (საარჩევნო ნომერი 36), "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" (საარჩევნო ნომერი 38), "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი" (საარჩევნო ნომერი 40) და საარჩევნო ბლოკი – "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" (საარჩევნო ნომერი 41).
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილების საშუალება საქართველოს 42 613 მოქალაქეს ექნება. ყველაზე მეტი – 4 საარჩევნო უბანი საბერძნეთში გაიხსნება, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, 3–3 უბანი თურქეთსა და უკრაინაში, 2–2 – აშშ-სა და ესპანეთში ამოქმედდება. საარჩევნო უბნები ასევე იქნება ვენაში, ბაქოში, ტალინში, ლონდონში, რომში, ვარშავაში, ერევანში, ოდესაში, დონეცკში, ბერნში, პრაღაში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და სხვა ქალაქებში.
ქვეყნის მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, რომელთა შორის 77 პროპორციული საარჩევნო სისტემის, 73 კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა. კანონის თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლის მინიმუმ 30%-ის მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რათა პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდეს.