კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, თამარ ჩიბურდანიძე ასპინძის რაიონის სოფელ დამალას მე-4 საარჩევნო უბნის დახურვას მოითხოვს. ამის მიზეზად ჩიბურდანიძე იქ დაფიქსირებული სერიოზული დარღვევების ასახელებს.
მისი განმარტებით, აღნიშნილ საარჩევნო უბნებზე იმდენად მიაწყდა ხალხის ტალღა, რომ კაბინებში ერთდროულად 5-5 კაცს უშვებენ, რაც მისი თქმით, გაყალბების ალბათობას ამარტივებს.
"ესაა ასპინძაში ეთნიკური სომხებით დასახლებული ყველაზე დიდი უბანი. იქ იმდენად მიაწყდა ხალხის ტალღა, რომ კაბინებში ერთდროულად 5-5 კაცს უშვებენ. ჩვენ ვწერთ განცხადებას, რომ უბანი დაიხუროს, რადგან იქ ისეთი ქაოსია, რომ გაყალბება ადვილადაა შესაძლებელი. ამ დროისთვის ადგილზე საოლქო კომისიის წარმომადგენლები და საერთაშორისო დამკვირვებლები მიემართებიან. იქ ჩვენი დამკვირვებლები და კომისიის წევრები არიან, თუმცა მათ ხალხის ნაკადის შეჩერება უჭირთ", - განმარტა ჩიბურდანიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, დარღვევები ფიქსირდება ასპინძის რაიონის სხვა სოფლებში გახსნილ უბნებშიც. ჩიბურდანიძის თქმით, ისევ გრძელდება სოფელ აწყვიტაში ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები.
„ჩვენ ათეულობით შემთხვევა უკვე აღვკვეთეთ, თუმცა ამ ნაკადის შეჩერება უკვე გვიჭირს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აქ ხმის მიცემის პროცედურას უშუალოდ ასპინძაში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე აკვირდება, რომელიც უბანთან დგას. გარკვეული სახის დარღვევები დაფიქსირდა სოფელ ხიზაბაგრას მე-20 უბანზეც, რომელიც საწერ კალამს უკავშირდებოდა", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.