კასპის #5 საარჩევნო უბანი 40 წუთის დაგვიანებით 08:40 საათზე გაიხსნა. უბნის გახსნის დაგვინაების მიზეზი საარჩევნო ყუთების ლუქების დაკარგვა გახდა.
აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარის ოლია მახარაძის განაცხადებით, ლუქების დაკარგვა მხოლოდ შემთხვევითობა იყო და ისინი უკვე ნაპოვნია.
მიუხედავად ამისა, როგორც სტაციონარული, ისე გადასატანი ყუთები ლუქების ნაცვლად, ცესკო-ს ემბლემიანი ე.წ. სტიკერებით დაილუქა.
გარდა ამისა, უბნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დალი კორკომაშვილმა მოქალაქის მიერ უკვე შემოხაზული ბიულეტენი ყუთში ჩაგდებამდე გადაამოწმა.
დაგვიანებით გაიხსნა ასევე ზუგდიდის #9 საარჩევნო უბანიც, სადაც ხმის მიცემის პროცედურა დახლოებით 15–20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
ამან რიგში მდგომი ამომრჩევლის უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია.
უბნის თავმჯდომარე ეკა ხუბუამ ხმის მიცემის პროცედურის დაგვიანების მიზეზად კომისიის წევრთა მოთხოვნა დაასახელა, დაეთვალათ კონვერტების რაოდენობა, რამაც პროცედურის დაწყება გააჭიანურა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა უკმაყოფილებას და რიგებს უბანზე, ეკა ხუბუას თქმით, ნაკადის მარეგულირებელმა უბნის შიგნით ერთდროულად ბევრი ადამიანი შემოუშვა.