კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე ამომრჩევლებს ეგზიტპოლებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნებზე გამოსასვლელთან იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებს სპეციალური ბლანკების შევსებას სთხოვენ. პრესსპიკერის თქმით, ამ ბლანკების შევსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეალური სურათის ასახვისათვის.
„ბლანკებში არის კითხვები იმის შესახებ, თუ როდის მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო უბანზე დააფიქსირეთ, ვის მიეცით ხმა და ა.შ. ეს არის ანონიმური გამოკითხვა, ამიტომ გთხოვთ იმისათვის, რომ ეგზიტპოლები ჩატარდეს ნორმალურად და ასახოს რეალური სურათი, რომელიც რეალურად დააფიქსირა ამომრჩეველმა, მონაწილეობა მიიღოთ მასში“, - განაცხადა მან.
ფანჯიკიძე ამომრჩევლებს ასევე მოუწოდებს საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მაისურებში არ გამოცხადდნენ, რადგან ეს ჩაითვლება სააგიტაციო მასალის გამოყენებად და ისინი დაკარგავენ ხმის მიცემის უფლებას.
მაია ფანჯიკიძე ამომრჩევლებს მთელი საარჩევნო პროცესების განმავლობაში ყურადღებით ყოფნისკენაც მოუწოდებს.
„ყურადღებით იყავით, დაწყებული სითხის დასხმიდან, დამთავრებული ბიულეტენის კონვერტში ჩადებითა და ყუთში ჩაგდებით, არ დაგავიწყდეთ რომ შეამოწმოთ ბიულეტენზე იყოს ბეჭედი და იყოს ყველა ხელმოწერა რომელიც აუცილებელია“, - განაცხადა მან.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი ინტერესი არის მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო პროცესი არ იყოს ხელშეშლილი. ამიტომ აომრჩევლებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.