51-საჯარო და პირველი ექსპერიმენტული სკოლების პედაგოგებმა და სკოლადამთავრებულებმა მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მოუწოდეს პირველად საქართველოს ისტორიაში მშვიდობიანად გადაულოცოს საპარლამენტო უმრავლესობა იმ ძალას, რომლის უკანაც თითქმის მთელი საქართველო დგას.
„-როგორ ფიქრობ შემოდგომაზე ფოთოლმა რატომ შეიცვალა ფერი?
-ფოთოლს რაღაც შეეშალა, აწყენინა დედას მერე აკანკალდა და გაწითლდა.
მიშა! ეს იყო შენი პასუხი მასწავლების კითხვაზე, არც ისე შორეულ 1977 -ში...
დღეს საქართველოს შემოდგომაა და ბევრი დედაა "ნაწყენი"...
მიშა! მოგმართავთ პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საშუალო სკოლის პედაგოგები, თანაკლასელები და თანასკოლელები:
შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი პირველ ოქტომბერს მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება:
გაემიჯნო ჯალათებს და კრიმინალებს,
განაიარაღო ხალხის დასარბევად გამზადებული ზონდერჯგუფები,
აღკვეთო ნებისმიერი პროვოკაცია კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში,
ღირსეულად მიიღო ნაციონალური მოძრაობის დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში,
პირველად საქართველოს ისტორიაში მშვიდობიანად გადაულოცო საპარლამენტო უმრავლესობა იმ ძალას, რომლის უკანაც თითქმის მთელი საქართველო დგას!
მიშა, გახსოვდეს, შენ ორი არჩევანი გაქვს: დარჩე საქართველოს ისტორიაში, როგორც რეფორმატორი და დემოკრატი, ან საბოლოოდ დიქტატორად ჩამოყალიბდე.
გახსოვდეს, თუ შენ მიიღებ ღირსეულ გადაწყვეტილებას, თითოეული ჩვენთაგანის კარი შენთვის ღია იქნება ისევე, როგორც მრავალი წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახელს საქართველო გათელავს და მალე დაივიწყებს!" - ნათქვამია წერილში.