გლდანში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია და გუშინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
„იქ მოქალაქეებს მიათრევდნენ, ძალით მიჰყავდათ. მათთან რომ მისულიყავი, ჟურნალისტებს ემალებოდნენ, კამერებში არ გამოჩნდებოდნენ. აქ კიდევ დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი თავისი ნებით მოვიდა და ნებისმიერთან რომ მიხვიდეთ, გეტყვით, რომ ხვალიდენლი დღის გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის მოვიდნენ. აი, როგორი დიდი ჭეშმარიტებაა სიმართლეში. სიმართლე ძალიან მაგარია“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისი თქმით, ადამიანი ბრძენია და კარგად იცის თუ სად და ვის გვერდით უნდა დადგეს.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ტურებივით, გიენებივით არიან. ამიტომ ეს ორი დღე ფრთხილად უნდა ვიყოთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოება წყობიდან გამოიყვანონ. თუმცა ჩვენ მშვიდად მივალთ არჩევნებამდე“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.