რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ გამთენიისას ქართულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო საგუშაგოს, დაკავებულია აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ოსური მხარე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მკაცრად შეაფასონ ქართული მხარის ქმედება.
„საზღვართან მომხდარი ინციდენტი შეუძლებელია შეფასდეს თუ არა პროვოკაცია, რომელიც ქართული ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად უჭერდა მხარს პოლიციის ძალებისა და სამხედროების ყოფნას საზღვარზე“,-ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ოსურ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია, თუმცა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის ახლოს, დაკავებულია საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი იარაღი აღმოაჩნდა"“,-აცხადებს ოფიციალური ცხინვალი.
საქართველოს შს სამინისტრო ადასტურებს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი საოკუპაციო ჯარის სამხედროებმა დააკავეს. მათი ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოგელი ტოლიაშვილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა.