კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია კოალიციამ, რომელმაც 27 მაისს თავისუფლების მოედანზე დაიწყო, დღეს თავისი მომხრეების საბოლოო დათვალიერება ჩაატარა.
„100 000-ობით ადამიანი მონაწილეობდა დღევანდელ აქციაში, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად ჩატარდა. ეს იყო საბოლოო დათვალიერება ჩვენი ძალების და ჩვენ რეალურად ვემზადებით გამარჯვებისთვის, რადგან ეს არის ჩვენი რეალური გამარჯვება, მაგრამ ამ ყველაფერს 1 ოქტომბერს გაფორმება სჭირდება. არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეთ შემოვხაზოთ 41“,-აცხადებს ძიძიგური.
„კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს მიმართავს და აცხადებს, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ჩვენი ყველას მოვალეობაა.
„„ნაციონალებს“ მინდა ერთი რამ ვუთხრა-ისინი პოლიტიკურ ძალად დარჩებიან თუ არა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაციონალური მოძრაობა მთლიანად რომ დაშალოს, ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის მთლად კარგი არ იქნება, დამნაშავეები ვინც არიან ხელისუფლებაში, ისინი პოლიტიკასაც და თანამდებობებსაც ჩამოშორდებიან. მე მინდა ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, ჩვენი ყველას ვალი არჩევნების ნორმალურად და მშვიდობიანად ჩატარებაა. ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას ისინი აუცილებლად დაისჯებიან, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ასეთი ტიპის დანაშაულისთვის“,-აცხადებს ძიძიგური.