"დღეს ჭეშმარიტი გამარჯვება გვაქვს ხალხო!“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციაზე განაცხადა.
ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ღირსების საქმე საარჩევნო უბნებთან 1 ოქტომბერს წყდება. შესაბამისად მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე არ მისვლა მოძალადე ხელისუფლების მხარდაჭერას ნიშნავს.
„მე ვიცი, რომ თქვენ სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს დგახართ. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. თანამებრძოლები ვართ. 1 ოქტომბერს გავაფორმოთ ჩვენი გამარჯვება. ეს დღე ჩვენი ჭეშმარიტი ოცნებების ახდენის დღე იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„ის ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ ჩაწერილები არიან რეგიონებში, არ დაიზაროთ, წადით და არჩევანი გააკეთეთ. შემოხაზეთ 41, მხოლოდ ქართულ ოცნებას მიეცით ხმა. ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანია ხმა მაჟორიტარ კანდიდატებს მივცეთ, შეხედეთ რას უწუნებთ ამ ადამიანებს, შეხედვა გაგიხარდება ისეთები არიან, ყველა მათგანი ღირსეული ადამიანია. 1 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავაფორმოთ გამარჯვება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ასე ერთად არასოდეს არ მდგარა და აღნიშნა, რომ საქართველოში დადგა ხანა, როცა ჩვენი ქვეყნის აღორძინება იწყება.
„დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ და მსოფლიო ცივილიზაციაში ღირსეულ ადგილს დავიკავებთ“, - დასძინა მან.