"მეამაყება თითოეული ქართველის სიმამაცე, ერთგულება და ერთიანობა, რადგან დღეს მთელი საქართველო ფეხზე დგას“ , -ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფლების მოედანზე", კოალიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე და აღნიშნა, რომ ეს 1-ლი ოქტომბერი იქნება.
ივანიშვილი აცხადებს, რომ მოვიდა "ქართული ოცნების" გამარჯვების დღე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება არამარტო კოალიციის გამარჯვება იქნება, არამედ ეს იქნება ყველას ოცნების ახდენის დასაწყისი.
„ერთი ჩემი საარჩევნო დაპირება შევასრულე – მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა, ისე როგორც დაგპირდით 27 მაისს თბილისში და ასევე შეგისრულებთ ყველა დაპირებას. ხელისუფლებამ ქართველი ხალხი ვერ დაიმორჩილა, ვერ დააშინა, თავისუფლების და სამართლიანობის განცდა ვერ ჩაკლა. მსგავსი რამ საქართველოში არასოდეს მომხდარა. საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს, ქართველ ხალხს ვერავინ დაიმონებს და ღირსებას ვერავინ აყრის. ჩვენ კიდევ ერთ გამარჯვებას ჩავწერთ ჩვენი ქვეყნის უძვირფასეს ისტორიაში. დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას იქ, სადაც მისი ადგილია. ვიქნებით იმ ქვეყნების გვერდით სადაც მოქალაქეები ერთმანეთს შიშით კი არ უყურებენ, არამედ ერთსულოვნებით უდგანან გვერდით ერთმანეთს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ არავინ შეშინდა და თავისუფლების ზეიმს არავინ გამოაკლდა. ივანიშვილმა საზოგადოებასა და მთელს საქართველოს მოუწოდა მოუწოდა, რომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას – არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას.
„ხელისუფლებამ ვერავინ დააჯერა, რომ მოძმის თანადგომა კრიმინალია, თავისუფლებისკენ სწრაფვა ღალატია. ჩვენმა ხალხმა უთხრა მსოფლიოს, რომ დემოკრატიისკენ ისწრაფვის. სააკაშვილის ხელისუფლებას ამის გაგონება არ უნდა, რადგან ჩვენი ღირსების ხარჯზე მოპოვებულ განუზომელ ძალაუფლებას კარგავს", - აღნიშნა ივანიშვილმა.