კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ რეჟიმს არ შეიძლება ხელისუფლება ერქვას. „მათ განაჩენი ხალხმა გამოუტანა და ამას ჩვენ 1 ოქტომბერს გავაფორმებთ.
„ჩვენ ამ დღეებში ისეთი შემზარავი კადრები ვიხილეთ. ყველამ კარგად იცოდა თუ რ ხდებოდა ციხეებში, ახლა კი შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ, რადგან არ ეგონათ რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდებოდა. სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს, ყველა დარწმუნდა ამაში, დასავლეთიც აღარ დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე და გაუგონარ ძალადობაზე. წარმოუდგენელია, დასავლეთმა თვალი დახუჭოს და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს მხარი, მხარი დაუჭიროს მას, ვის წინააღმდეგაც ქართველმა სტუდენტებმა ქუჩები გაავსეს. ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირსებისაგან დაცლილ საზოგადოებად ექცია, მაგრამ ვერ შეძლო. მე ამაყი ვარ, რადგან როცა საჭირო გახდა, ახალგაზრდობამ ძალიან კარგი და სწორი პოზიცია დაიჭირა, სამართლიანი პოზიცია დაიჭირა და სისასტიკე დაგმო. ჩვენმა ახალგაზრდობამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში აქტიურად შემოაბიჯა. რადგან ამ რეჟიმმა სხვა გზა არ დაუტოვა. მათი კარგად მესმის, რადგან მეც ერთი წლის წინ სწორედ იძულებით აღმოვჩნდი პოლიტიკაში", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, განაჩენი გამოტანილია და ქართველი ხალხი მას ოფიციალურად პირველ ოქტომბერს გააფორმებს.
“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ წამების, დაშინების, ტერორის, დაპატიმრებების, უბინძურესი პროპაგანდის მიუხედავად, ჩვენ ვერ გაგვტეხეს. მთელმა საქართველომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას. ეს ხელისუფლება ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა კრიმინალია, თავისუფლებისათვის ბრძოლა აგენტობაა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ჩვენმა ხალხმა უთხრა მთელ სამყაროს, რომ დემოკრატიას იმსახურებს. სად გინახავთ მსგავსი ხალხნო, ნახეთ, რამდენი ვართ. აღარავის უშველის იმის მტკიცება, რომ ეს არ იცოდნენ. წლებია, გვესმის, მკვლელობებისა და ადამიანების წამების შესახებ. ყველამ კარგად იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში. ამ სასტიკი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა. ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ. გაბრაზდნენ იმიტომ, რომ არ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდებოდა და ხალხი ნახავდა. ვერც ერთი ვერ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს, ვერც ერთი, ვინც ამ ხელისუფლების სირცხვილის მოწმენდას ცდილობს. ამ რეჟიმს არ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას. ეს განაჩენი გამოტანილია და ამას ოფიციალურად 1 ოქტომბერს გავაფორმებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.