საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დღეიდან, ეგზიტპოლებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება.
ამას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, სადაც ნათქვამია, რომ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20.00 საათამდე, არჩევნებთან დაკავშირებული ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
რაც შეეხება საარჩევნო აგიტაციას, კოდექსის თანახმად, ის უშუალოდ კენჭისყრის დღეს საარჩევო უბანზე იკრძალება. არჩევნების დღეს, ასევე იკრძალება სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენება.
ცესკო-მ არჩევნებისთვის მზადება უკვე თითქმის დაასრულა და როგორც კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილ ვადებში არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.
1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს 73 ოლქის 3 648 უბანზე ტარდება. არჩევნებისთვის შექმნილია 71 ე.წ სპეციალური უბანი.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები წელს პიველად არჩევნების დღეს სპეციალურ ფორმებში იქნებიან ჩაცმული, რაც ცესკო-ს ცნობით, მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი იქნება. საარჩევნო კომისიების წევრების ფორმები ცესკო-ს სიმბოლიკის ფერებში - მწვანესა და თეთრშია გადაწყვეტილი.