საქართველოს საპატრიარქოს და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა ფილმ „მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმ „მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებამ, რამაც შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.
მათი თქმით, ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს და ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რადგან იწვევს პროტესტის აგრესიულ ფორმებს. ამიტომ ყველას მოუწოდებს მსგავსი დაპირისპრებების თავიდან ასაცილებლად თავისი წვლილი შეიტანოს.
განცხაადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ყველასათვის ცნობილია, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს თავისუფლებით სარგებლობის კულტურას, ანუ გარკვეული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ნებაყოფლობით გათვალისწინებას, რაც თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.
იგივე ითქმის გამოხატვის თავისუფლების შესახებაც, განსაკუთრებით კი ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა სხვათა უფლებები, რელიგური და ტრადიციული ფასეულობები...
აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევენ ფილმ „მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებას, რამაც შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე სხვა რელიგიებთან მიმართებაში. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საქართველოშიც.
ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს და ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რადგან იწვევს პროტესტის აგრესიულ ფორმებს, რაც, მართალია, სრულიად მიუღებელია, მაგრამ მსოფლიო დღესაც ამ რეალობის წინაშე დგას.
ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული, რაც გულისხმობს გამოხატვის უფლებას ისე, რომ არ დაირღვას სხვათა უფლებები“ - ნათქვამია განცხადებაში.