საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი სასამართლოზე ზეწოლად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩების დასწრებას.
„როდესაც ელჩი, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოს წარმოადგენს, ესწრება კონკრეტულ სასამართლო პროცესს და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს მოსამართლეზე, ეს არის სასამართლოზე ზეწოლა. ჩვენ უარესიც გვინახავს. მაგალითად, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების გამო აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი იბარებდა ქართველ მოსამართლეებს და მათ ანგარიშს სთხოვდა და მერე ამ მოსამართლეებს სანქციებს უწესებდა. ფაქტობრივად დღესაც იგივე ხდება - განაჩენის გამოტანამდე ცდილობენ მოსამართლეზე ზეგავლენა მოახდინონ. ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
გერმანიის ელჩი, ასევე, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები, დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრნენ.
მზია ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.