ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი იხსნება. მისი გახსნა საქართველოს პრეზიდენტის, კაპრიზია. მისივე სურვილით, მუზეუმში მიხეილ სააკაშვილის და ასლან აბაშიძის ცვილის ფიგურებიც გამოიფინება.
მუზეუმი ბათუმში, პიაცას წინ, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე დაიდებს ბინას. სახლში, რომელსაც ქალაქში არქიტექტორების სახლის სახელით იცნობდნენ. მოგვიანებით აქ რესტორანი ფუნქციონირებდა სახელწოდებით - „სოკო“.
ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, XIX საუკუნის ბოლოს ააგეს და ის ცნობილ ვაჭარს, თამბაქოს პირველ მრეწველს ბათუმში, ლაზარე ბინიათოღლის ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ, ამ სახლში განთავსებულ მუზეუმში ერთ-ერთი ბინიათოღლის ცვილის ფიგურა იქნება.
მუზეუმში კიდევ რამდენიმე ცნობილი ბათუმელის ცვილის ფიგურა განთავსდება. ასევე გაცოცხლდება ეპიზოდები ძველი ბათუმის ისტორიიდან.