ბიძინა ივანიშვილი: ახლა ვანო ვაჟკაცობს და ლაპარაკიც უსწავლია

ბიძინა ივანიშვილი: ახლა ვანო ვაჟკაცობს და ლაპარაკიც უსწავლია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,ბოლო პერიოდში გააქტიურებული ვანო მერაბიშვილი ამტკიცებს, „რა მაგარია და ახალაიას როგორ სჯობს“.

 "ბოლო პერიოდში, ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ სისულელეს იძახის და მე მხოლოდ იუმორით ვუყურებ მას. რაც მოხდა, მოხდა. ვანო მერაბიშვილი ოდესღაც გამოაგდეს პოლიციიდან და ბაჩო ახალიამ დაიჭირა მისი ადგილი.

ახალგაზრდებმა კი ჩვენი ხელისუფლება აიძულეს, რომ ახალაია გაეთავისუფლებინათ და ეს საკმარისი არ იქნება, რა თქმა უნდა. კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს პასუხი აგოს იმ ძალადობებზე, რასაც ხელისუფლება ახორციელებდა. მოხდა მარტივი რამ, ვანო დააბრუნეს პოლიციაში და ვანომ დაიწყო ისევ პოლიციის მართვა და ჩანს ეხლა, რა მაგარია და ახალაიას როგორ სჯობს. ამიტომაც ჩვენი პოლიცია ბოლო ამოსუნთქვას აკეთებს მერაბიშვილის ზეწოლით და პაკეტებით  - პოლიციის უფროსებს კონვერტებით ურიგებენ ფულს და ხდება ის, რაც ხდება.

 ჩვენი ძალიან აქტიური 60 მხარდამჭერი დააპატიმრეს“,-უპასუხა კოალიციის ლიდერმა მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის  კითხვებზე პასუხისას.

ივანიშვილის განცხადებით, მერაბიშვილს ვიღაცამ ახლა ასწავლა საუბარი, მაგრამ კოალიციის ლიდერმა მერაბიშვილს მოუწოდა, ნუ დაემსგავსება მისი პრეზიდენტს, რომელიც უკვე სასაცილო გახდა. 

„ ახლა ვანო ვაჟკაცობს და ლაპარაკიც უსწავლია. ვიღაცამ ასწავლა როგორც ჩანს, საუბარი, მაგრამ ცოტა ჭკვიანურები ესწავლებინა, ვიდრე ის, რომ თურმე მხედრიონს დავაბრუნებთ. იმაზე ადრე კიდევ უფრო უარესი სისულელე თქვა, როცა ციხეების ამბის გადაფარვას ცდილობდნენ და ვანოსაც აქვს ამაში წვლილი, ის შს მინისტრი იყო და მშვენივრად იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში.

 ვანომ თქვა, რომ თუ მათ არ დაუჭერს საზოგადოება მხარს, კოალიცია მოვა და იმ ხალხს მოიყვანს, ვინც ციხეში პატიმრებს აწამებდაო. ასეთ სისულელეებს საუბრობს ის და კარგი იქნება თუ ცოტა ჭკვიანურად საუბარს ისწავლის. მისი პრეზიდენტი უკვე სასაცილო გახდა და თვითონაც ასეთი ნუ გახდება", - აცხადებს ივანიშვილი.