კოალიცია ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, კოალიციის წევრების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, შეთითხნილი და შემდეგ გამრავლებული მონტაჟია.
როგორც ქანთარიამ For.ge -ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს აუდიოჩანაწერები იმ პროვოკაციების გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ახორციელებდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ქანთარია აცხადებს, რომ ხელისუფლებას უნდოდა ანტისახელმწიფოებრივი კვალისთვის მიეგნო და ამისათვის მთელი ერთი წლის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის „კაცი“ იყო და მის იდეოლოგიას ატარებდა, თუმცა მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტის წარმოდგენა ვერ მოახერხეს.
„როგორც კი რაიმე ძალა გამოჩნდებოდა, მაშინვე დაიწყებდნენ შეძახილებს „რუსი მოდის! რუსი მოდის!“. როცა არაფერი გამოუვიდათ, შემდეგ სხვა გზის ძებნა დაიწყეს და მოიფიქრეს, რომ ქურდებთან კავშირების გამოკვეთა საინტერესო იქნებოდა და ამ თემის წამოწევა გადაწყვიტეს. გაავრცელეს გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებული უსუსური კადრებიც და მის მეგობრებთან ერთად კარებში შესვლა გამოსვლაზე უნდოდათ რაღაც ზღაპრების აგება.
ბოლოს კი როგორც ჩანს კინოსტუდია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პროდიუსერს, მიხეილ სააკაშვილს ძალიან ამოეწურათ ფანტაზია და გადავიდნენ ჭორაობაზე. ჭორაობის ფაქტები კი უნიჭოდ შესრულებული შეთითხნილი და შემდეგ გამრავლებული მონტაჟია“, - განაცხადა ქანთარიამ.
მისი განმარტებით, ასეთი ფაქტები სინამდვილეც რომ იყოს, ის არავითარ შემთხვევაში არ არის ანტისახელმწიფოებრივი. ქანთარიას თქმით, ბუნებრივი და სავსებით დასაშვებია, თუ ერთ ორგანიზაციაში თუ დაწესებულებაში სხვადასხვაგვარი აზრი არსებობს და ერთმანეთის მიმართ ყველა დადებითად არ არის განწყობილი.
„დიდი დიდი ეს არის უსიამოვნო ფაქტი და დიდად ვერ ცდება ამას. მგონი არავის არ ჰქონდა იმის წარმოდგენა, რომ მთელს კოალიციაში და-ძმებად გაიფიცებოდნენ მისი წევრები და იქნებოდნენ ანგელოზებივით ერთად. მთავარია ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. ხელისუფლებას უნდოდა დიდი რაღაც დაეჭირათ, თუმცა მხოლოდ ჭორაობის დაჭერა შეძლო. ეს არის მათი საბოლოო მარცხი“, - განაცხადა ქანთარიამ.
მისივე მოსაზრებით, ხელისუფლებას უნდოდა ასეთი ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით ის ბოლო ფაქტები გადაეფარა, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში გამოვლინდა. ქანთარია აცხადებს, რომ განსხვავებით ჭორაობისგან, ციხის კადრები იყო რეალობა, ფაქტები და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ჭორაობა და ის საშინელი ფაქტები ერთმანეთის ალტერნატივა იყოს.
„იქ იყო ფაქტები, რომელმაც მთელი საზოგადოება შეაძრწუნა. ვერაფრით ვერ მოხერხდება ის, რომ მათ დაიწყონ იმაზე საუბარი, რა მაგარი გინება იცის ირაკლი ღარიბაშვილმა და ასევე რას ლაპარაკობს ხუხაშვილი საყვარელიძეზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო პროგრამის, მეთოდოლოგიისა და სისტემის ძირითადი საყრდენი არის ძალადობა, წამება და კაცთმოძულეობა. ასე რომ, ერთ მხარეს შეგვიძლია განვიხილოთ ცოცხები და მეორე მხარეს, ადამიანებს შორის ერთმანეთს მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება.
ვფიქრობ, ძირითადი აქცენტი სწორე იმაზე უნდა დაისვას, რომ სახელმწიფო ძალადობაზე დგას და ეს უნდა დამთავრდეს. საზოგადოებამ ახლა უნდა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს“, - დასძინა ქანთარიამ.