მოსახლეობაში გაურკვეველობა გამოიწვია თელასის მოთხოვნამ მიმდინარე გადასახადის გარდა, თანხის დეპოზიტზე შეტანის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუმცა, კომპანიის განცხადებით, ეს განცხადება მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ელექტრონერგიის მიწოდება არავის შეუწყდება.
„ქვითრებში მითითებული გაფრთხილება მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდებას კომპანია არავის შეუწყვეტს. გარდა ამისა, მომხმარებელს ვალის რესტრუქტურიზაციის შეღავათიან პირობებს ვთავაზობთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია, ძველი დავალიანება 10 წელზე გადაანაწილოს და ყოველთვიურად, მიმდინარე გადასახადთან ერთად, დავალიანების სულ მცირე, 10% დაფაროს",-ნათქვამია კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
რაც შეეხება შპს-ების მფლობელების ნაწილსა და მოიჯარეებს, რომლებსაც „თელასი“ ასევე წინასწარ სთხოვს თანხების შეტანას, კომპანიის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ მოიჯარეებსა და არაკეთილსაიმედო გადამხდელებზე ვრცელდება.
"შპს-ების იმ მფლობელებს, რომლებსაც წლის განმავლობაში გადახდის ვადის გადაცილების გამო სამჯერ შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება ან არიან მოიჯარეები, დეპოზიტზე თანხის წინასწარ შეტანას ვთხოვთ“,- აცხადებენ კომპანიაში.