ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო პოლარიზებულია და წინასაარჩევნოდ ძირითადი კონკურენცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“-ს შორის მიმდინარეობს.
„საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა, ვიდრე წინათ იყო. ძირითადი ორი კონკურენტის საარჩევნო კამპანიები კი კონფრონტაციული და ხისტია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დამკვირვებლების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჩივის არათანასწორი პირობებისა და ოპოზიციური შეხედულებების მიმართ შეუმჩნეველი ზეწოლისა და დაშინების გარემოს შესახებ.
მათივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებრივ ტრანსპორტად გამოყენებულ კერძო ავტობუსებზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბილბორდებზე სარეკლამო სივრცის გამოყენების მხრივ კვლავ დომინანტური პოზიცია უკავია.
„ამასთანავე, საზოგადოებრივი სივრცის საარჩევნო პოსტერებისთვის გამოყოფასთან დაკავშირებული პროცედურები ყველგან არ ხორციელდება“, - აღნიშნა ანგარიშში.
ODIHR–ს მისიამ დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც საჯარო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მასწავლებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ.
მისიის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში მოიცავს პრეიოდს 6-დან 19 სექტემბრამდე.