პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა სანოძის განცხადებით, კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრი, ბესო სურმავა გუშინ ღამით, სატელეფონო ზარის საშუალებით, თავის მეუღლეს მაკა ლობჟანიძეს დაუკავშირდა და აქტიურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა სანოძე, გაუჩინარებული ბესო სურმავას სიძეა, დის ქმარი.
როგორც სანოძე From.ge - სთან საუბარში აცხადებს, სურმავას არ დაუკონკრეტებია, თუ სად იმყოფება, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ცნობით, მას ხმა შეცვლილი ჰქონდა.
სანოძე გამორიცხავს, რომ სურმავას ეს საწინააღმდეგო ჩვენებები საკუთრი ნებით მიეცა.
„ჯერ-ჯერობით, არ ვიცით სად იმყოფება. შეიძლება ითქვას, რომ გამქრალია. როგორ გამოვიდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვინ დაურეკა და რისთვისაა გამოსული ინფორმირებულები არ ვართ. მისი ხასიათიდან, ბუნებიდან და განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ მას ეს საწინააღმდეგო ჩვენებები საკუთრი ნებით მიეცა. შესაძლოა მისი ხმაც არაა. სახეზეც ეტყობა, მისი გამომეტყველება ცოლის ძმაა და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, რომ ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მკაცრი მარწუხების ქვეშ ჰყავთ. რა ხდება, რა ზეწოლის ქვეშაა და რა ზეგავლენა მოახდინეს მასზე არაფერი ვიცით. ერთადერთი ის ვიცი, რომ წუხელ თავის მეუღლეს დაუკავშირდა სთხოვა ნუ იაქტიურებს“, - განაცხადა სანოძემ.
სანოძის თქმით, ეს ზეწოლა მხოლოდ სურმავაზე არ დაწყებულა და აღნიშნავს, რომ სატელეფონო ზარების მეშვეობით მის მეუღლეზე ზეწოლა ხორციელდება.
„ისმის შანტაჟის, მუქარის და შეურაცხმყოფელი სიტყვები. სამი შვილი მყავს. ისმის მუქარები შვილებზე, მათ მომავალზე“, - განაცხადა სანოძემ.
ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების საუბარს ასახავს. აუდიოჩანაწერები ბესო სურმავამ გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო.
როგორც სურმავა ვიდეომიმართვაში აცხადებს, უსაფრთხოების სამსახურს კოალიციის წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.
„ვიცი, რომ ამ ვიდეოს ნახვა ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი, მოვიქცე ისე, როგორც მიმაჩნია საჭიროდ. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბიძინასგან ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა, „ქართული ოცნების“ წევრების საუბრების ფარული მოსმენა და ჩაწერა, რაზეც მე მიმიწვდებოდა ხელი“, - აცხადებს სურმავა.
მისი თქმით, აუდიოჩანაწერები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია.
Youtube-ში გავრცელდა ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერები.