არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ „ნაცმოძრაობის“მიერ დღეს დაგეგმილ ყრილობაზე დასასწრებად საზოგადოებაზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებს აიძულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე დასწრებას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოსამსახურეებზე და კერძო სტრუქტურებში - „თბილისის წყალის“, „ყასტრანსგაზის“, „თბილისის მეტროპოლიტენის“ და ა.შ მომუშავე პირებზე ზეწოლას ახორციელებს და სამსხურის დატოვებით ემუქრება, თუ შეკრებაზე არ მივლენ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „უფლებადამცველთა გაერთიანებაში“ არაერთი ზარი და მიმართვა შევიდა.
„ შეკრებაზე ხალხის მისაყვანად 50-50 კაციანი ჯგუფებია შექმნილი და შეკრებაზე დასასწრებ ხალხს აღნუსხავენ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ადამიანის უფლებების ხელყოფა და მოსახლეობაზე ძალადობა. ვეჭვობ, ასეთი ხერხებით სტადიონზე მისულმა ხალხმა მმართველი პარტიის მიმართ მსგავსი „ერთგულება“ 1 ოქტომბერსაც გამოიჩინონ“ - განაცხადა მჟავანაძემ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საქართველო მსოფლიოს თვალში დააკნინოს და ისე აჩვენოს, თითქოს ქართველი ხალხი პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძრწუნებული არ არის და მმართველ პარტიას ტაშს უკრავს.