„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაციის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.
1 ოქტომბერს "სამართლიანი არჩევნები" არჩევნების ფართომასშტაბიან მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში განახორციელებს. მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაცია მოახდენს ხმების პარალელურ დათვლას (PVT), რომელიც გამოცდილ და სტატისტიკურად გამართულ მეთოდოლოგიას ეფუძნება.
პრეზენტაცია მიზნად ისახავს ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენას და „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი გეგმების გაცნობას.
ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ევროპის კავშირისა (EU) და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს", ასევე, "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (EWMI G-PAC) მიერაა დაფინანსებული.