საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღებების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო დადგენილებით განესაზღვრა საარჩევნო პროცედურის ხელის შეშლის გარეშე, ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესი.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 დღის ვადაში.
ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის ავტორები „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“, „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“ და „საქართვლოს მედია-კლუბი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იყვნენ.
მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის N42/2012 დადგენილების ნაწილობრივ არარად აღიარება და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო დადგენილებით დაწესდა დამატებითი რეგულაციები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის 25-ე პუნქტთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ნორმით პირდაპირაა განსაზღვრული ფოტოვიდეოგადაღებაზე უფლებამოსილ პირთა წრე და გადაღების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ დაუსაბუთებლად შეიზღუდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი ის უფლებები, რომლითაც დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. მოპასუხემ განმარტა, რომ გასაჩივრებული დადგენილებით განისაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, რითაც არ იზღუდება ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის დღეს.