1 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება.
აღნიშნული მისია შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება. მათ შორის არიან აშშ-ის კონგრესის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, ყოფილი დიპლომატები და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონული ექსპერტები.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დელეგაციის მიზანი, საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
„NDI მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ კონკურენტული არჩევნებია, ხოლო ამომრჩეველი რეალური არჩევანის წინაშე დგას. ინსტიტუტი საზოგადოებას საარჩევნო პროცესში ფართო და კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების სანდოობასა და მნიშვნელობას ქართველი ხალხი განსჯის", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
NDI საქართველოში პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 1994 წლიდან მუშაობს.
თბილისში დელეგაციის წევრები კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, ასევე, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.