თავადცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. ის წყნეთში საკუთარი ძმის დათა ახალაიას სიმამრის დავით ბენიძის სახლში იმალება.
დავით ბენიძე ფოთის პორტის დირექტორის ყოფილი მოადგილე და მსხვილი ბიზნესმენია. დათა ახალაია ბენიძის 20 წლის ქალიშვილზე _ ანა ბენიძეზე წელს დაქორწინდა.
ბენიძის სახლი წყნეთში, ე.წ. სამთავრობო აგარაკის ყოფილ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც კერძო პირებზე გაიყიდა. როგორც წყნეთში აცხადებენ, დავით ბენიძის პრესტიჟული სახლი, შაქრო კალაშოვის ცნობილ სასახლეს ფეშენებელურობით არ ჩამოუვარდება. ეს სახლი "ცენტრ-პოინტის" მშენებარე კორპუსებს ემიჯნება, რომლებიც, ასევე, ყველაზე ძვირადღირებულია წყნეთში.
დავით ბენიძის სახლში ბაჩო ახალაია მეზობლებმა პირველად 20 სექტემბერს შეამჩნიეს. როგორც "ივერონს" ერთ-ერთმა მეზობელმა აცნობა, ბაჩო ახალაია დავით ბენიძის სახლში, სწორედ 20 სექტემბერს მოიყვანეს 3 "ჯიპით" და დატოვეს. მასთან ოჯახის დანარჩენი წევრები ჯერჯერობით არ არიან. როგორც ამბობენ, იგი იმ დღეს, ძმასთან ერთად მოვიდა ბენიძის სახლში. სხვათაშორის, მეზობლებმა ექსმინისტრი ორჯერ შენიშნეს ბენიძის სახლის აივანზე.
წყარო აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიამ ორჯერ, დაახლოებით, ღამის 2-დან 3 საათზე დატოვა დავით ბენიძის სახლი და ორჯერვე გამთენიისას, დილის 6 საათისთვის დაბრუნდა უკან.
მას შემდეგ, რაც ახალაია დავით ბენიძის სახლში იმალება, ამ სახლთან გამუდმებით დგას შავი "ჯიპი" (სახელმწიფო ნომრით _ FHF-077). წყაროს ინფორმაციით, ბენიძის სახლთან უშიშროებამ დამატებითი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა.
"ივერონმა" არსებული ინფორმაციის გადამოწმება დააპირა. აღმოჩნდა, რომ დავით ბენიძის სახლთან, ღამის 12 საათისთვის, შავი "ჯიპი" მართლაც იდგა.
როცა ბენიძის სახლის გადაღება დავაპირე, "ჯიპიდან" უშიშროების ორი თანამშრომელი გადმოხტა _ ერთი უნიფორმით, რომელიც საჭესთან იჯდა, მეორე კი სამოქალაქო ფორმით. მათ ფოტოაპარატის წართმევა მოისურვეს, მაგრამ "ივერონის" ხელმძღვანელობასთან დარეკვის შემდეგ, ამისგან თავი შეიკავეს. "რაც გადაიღე, წაიღე, წადი და თავი დაგვანებე", _ მითხრეს დაცვის თანამშრომლებმა. საპასუხოდ, მათი მანქანაც გადავიღე. ამის შემდეგ მთხოვეს პრესკარტა. უნიფორმიანმა, რომელიც ქცევა-მანერით, თანამხლებზე უფროსი ჩანდა, სადღაც გადარეკა და ჩემი მონაცემები ჩააწერინა. შემდეგ, რაციით იგივე გაიმეორა და პრესკარტა დამიბრუნა.
ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, რაში დამჭირდა მანქანისა და სახლის გადაღება. როცა გაიგეს, რომ დავით ბენიძის სახლში, ჩემი ინფორმაციით, ბაჩო ახალაია იმალებოდა, ორივეს სახე მოექუფრა, თუმცა, შეეცადნენ, რომ ეს არ შეემჩნიათ. ამის შემდეგ უნიფორმიანი მანქანაში ჩაჯდა და დაახლოებით 10 წუთი, ტელეფონზე ლაპარაკობდა, სამოქალაქო ფორმიანი კი მდარაჯობდა. თან გამაფრთხილა, რომ არსად წავსულიყავი. მოგვიანებით, მანქანიდან გადმოვიდა უნიფორმიანი "სპეცნაზელი" და კატეგორიულად მომთხოვა გადაღებული კადრები წამეშალა. მათ განვუმარტე, რომ ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან, თუ მოვისურვებდი, ბენიძის სახლსაც და მათ ავტომობილსაც ფარულად მაინც გადავიღებდი.
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გამომართვეს პრესკარტა, უნიფორმიანმა მას მობილური ტელეფონით გადაუღო სურათი და უკან გადმომცა. მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი, თან მირჩიეს, შინ წავსულიყავი და დამატებით არც ერთი კადრი აღარ გადამეღო.
ვიდრე დავშორდებოდი, მათ კიდევ ვკითხე; იყო თუ არა ბენიძის სახლში ბაჩო ახალაია. დაცვის ორივე წევრმა უარყო ეს ფაქტი. ვერ მიპასუხეს კითხვაზე, თუ რატომ გაჩნდა ბენიძის სახლთან 24 საათიანი დაცვა, მაინცდამაინც, ბაჩო ახალაიას გადადგომიდან 2 დღის შემდეგ, "ჩვენ რასაც გვავალებენ, იმას ვაკეთებთ", _ მითხრეს და მანქანაში ჩასხდნენ.