თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცსკო-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მედია-რეგულაციების გაუქმება / შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცსკო-ს დადგენილებამ, რომლის თანახმადაც, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ფოტოვიდეოგადაღების განხორციელება თავისუფალ რეჟიმში, ისიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირის გადაღებისას.
სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ფოტოვიდეოგადაღება ნებადართულია კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩეული ერთი ადგილიდან და ეს ადგილი 3 მეტრით იქნება დაშორებული სუბიექტიდან/ობიექტიდან. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს ოქმების, ბიულეტენების დაფიქსირების შესაძლებლობას. რაც ყველაზე მთავარია, კენჭისყრის ოთახში კამერით გადაადგილების ან საარჩევნო უბნის ნებისმიერი მიზეზით დატოვების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების უფლებას. ეს დადგენილება ექსპერტებმა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად შეაფასეს.