ყოფილი პატიმარი ნანა სულავა ქალთა საპატიმროში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ დღევანდელი სატუსაღოები მეფის რუსეთის ციხეს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე 21-ე საუკუნის საპატიმროებს .
ნანა სულავა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტი 2007 წელს თაღლითობის ბრალდებით რედაქციაშივე აიყვანეს, გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთ-ერთი პატიმრის 19 წლის ლიკა ნატრიაშვილის შესახებ ის ჯერ კიდევ „ ციხის დღიურებში“ წერდა, რომელსაც გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებდა.
„ოჯახის ახლობელ პოლიციელს, მისი უფროსი დის გაუპატიურება უცდია. დის დასაცავად ლიკას ერთადერთი გამოსავალი უპოვია, პურის საჭრელი დანა აუღია და მოძალადისთვის ჩაურტყამს. ციხეში მოხვედრა მისთვის ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა. ერთხელ მითხრა, ამას ვერ გადავიტანო. მძიმე დეპრესია დაემართა და ფსიქოთროპული წამლებით დაუწყეს "მკურნალობა".
იჯდა სკამზე ჩაფერფლილი და თავისთვის ბუტბუტებდა, ღვთის გულისათვის ნუ მასმევთ ასეთ წამლებს, ცუდად ვარო. დახმარების ნაცვლად კარცერში მიჰყავდათ, ზეწრებით კოჭავდნენ, სცემდნენ, მერე კი ფსიქოთროპული ინექციისაგან გათიშულს ბეტონის იატაკზე შიშველს აგდებდნენ. ლიკამ თავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩამოიხრჩო“,-წერდა სულავა თავის დღიურებში.
სულავამ ჯერ კიდევ ციხიდან აღწერა ციხის საპატიმროებში პატიმართა წამების, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტებისა თუ ექიმთა და ციხის ადმინისტრაციის უკიდურესი გულგრილობის შესახებ.
„ციხეში სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. პატიმრის მოკვლის ათასგვარი ხერხი აქვთ. ჩემ თვალწინ ურიკაზე დაგდებული რამდენი საღ-სალამათი ქალის ცხედარი გაუტანიათ, ვინ მოთვლის? არც ერთის საქმე არავის გამოუძიებია. ერთი კაციც არ დაუსჯიათ.
2009 წელს, თარიღი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ქუთაისელი 40 წლის ირინა გედენიძე. ირინა სანიტარულ ნაწილში ექიმებს ეხმარებოდა. ქმარი არ ჰყავდა და თავისი ნაცოდვილარით ციხიდან არჩენდა ორ შვილს. რატომ, ვისთვის იყო საშიში, არ ვიცი. მისი ჯანსაღი და უნაკლო სხეული დიდხანს ესვენა მიწაზე. თქვეს, დენმა დაარტყაო. იმ დღეს მთელი ზონა დუმდა. ირინას სიკვდილით ყველამ საკუთარ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.
ნანა მითაგვარია თავაზიანი და განათლებული ქალი იყო. ფინანსურ-ეკონომიკური მუხლით იხდიდა სასჯელს. კუჭი აწუხებდა. ერთ დღესაც ცუდად შეიქნა, მაგრამ არაფრით არ გადაიყვანეს კლინიკაში. პატიმრებმა ხმაური ავტეხეთ, რომ როგორმე გადაგვერჩინა და როგორც იქნა, მისი კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი გაიყვანეს ზონიდან. ორი დღით აპარატზე შეაერთეს, რომ პატრონს ეჭვი არ აეღო. ნანა ე.წ. ოპოზიციონერი" პატიმარი იყო, ერთხელ "უცნობთან" (გია გაჩეჩილაძე) დარეკა "მაესტროს" ეთერში. უთხრეს, ახლა "უცნობმა" გიშველოსო...
45 წლის მედეა ჩხიკვაძის სიკვდილი ხომ სუფთად ციხის ადმინისტრაციისა და იქაური ექიმების სინდისზეა. ეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასევე მსუბუქი ფინანსური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, გულის უკმარისობით გარდაიცვალა "მატროსოვზე". შველას ითხოვდა, მაგრამ სად იყო მშველელი?! უწამლობაში, გულგრილობასა და დახმარების თხოვნაში ამოხდა სული ახალგაზრდა ქალს“,-წერდა ჟურნალისტი „ციხის დღიურებში“.
დღეს უკვე ყოფილი პატიმარი ციხეში მსჯავრდებულთა გარდაცვალების გაურკვევლობაზე და იქ შექმნილ გაუსაძლის ყოფაზე უკვე ღიად საუბრობს.
„ჩემთვის გაუგებარია როგორ გარდაიცვალა ქუთაისელი საღსალამათი ირინა გედენიძე, ამბობდნენ დენმა დაარტყაო,ჩემთვის გაუგებარია ნანა მითაგვარიას სიკვდილი, გაუგებარია თამარ კვაჭანტირაძის, მეტსახელად „ტომას“ მკვლელობა, იგი ნარკოტიკების რეალიზებისთვის იყო დაპატიმრებული და გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მან საკმაოდ ბევრი იცოდა ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ. დღევანდელი სატუსაღოები მეფის რუსეთის ციხეს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე 21-ე საუკუნის საპატიმროებს“,-აცხადებს ნანა სულავა.