გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სასჯეალაღსრულების დაწესებულებები მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ დაწყებულ აქციებს ეხმაურება და მათ მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე, მაია მიმინოშვილი სოციალური ქსელის facebook-ის საკუთარ გვერდზე აცხადებს, სტუდენტების რეაქცია და მოთხოვნები სამართლიანია და მათ ნაბიჯს გამბედავ და სანიმუშო საქციელად აფასებს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„უკანსაკნელ დღეებში მთელმა საქართველომ იხილა კადრები, რომლებმაც ცხადყო ერთ კონკრეტულ სისტემაში საზარელი დანაშაულებრივი ფაქტების არსებობა.
სახელმწიფო სისტემის ამა თუ იმ სეგმენტში არსებული უკანონობის აღკვეთის ერთ-ერთ ქმედით ფორმას საზოგადოების მკვეთრი და მკაფიო პოზიცია წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში სამართლიანი პროტესტის გამოხატვის ვალდებულება ყველა მოქალაქეს აქვს, დასაქმების ადგილისა თუ პარტიული კუთვნილების მიუხედავად.
არაერთი წელი უმაღლესი სასწავლებლებისათვის სტუდენტთა შერჩევას ვემსახურებოდით - უშუალო შეხება გვქონდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც შეძლეს და მთელი ქვეყნის, მსოფლიოს გასაგონად გამოხატეს პროტესტი. დღეს, გარდა სურვილისა, პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, მხრდაჭერა გამოვუცხადოთ სტუდენტთა გამბედავ და მთელი ერისთვის სანიმუშო საქციელს.
ჩვენ ვუერთდებით ამ სამართლიან პროტესტს და მივმართავთ კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადონ სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობას, მათ კანონიერ და სამართლიან მოთხოვნებს“, - აცხადებს მიმინოშვილი.