გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განმარტებით, დღეს პრესის ასოციაციის ორგანიზებით გამართული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან არჩევნების წინ მედიასაშუალებებსა და მის ხელმძღვანელებს, აგრეთვე პოლიტიკაში დღეს ერთ-ერთ ძირითად მოთამაშეს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდათ საშუალება ერთმანეთისთვის პირდაპირ რეჟიმში დაესვათ კითხვები და თავისი მოსაზრებები გამოეხატათ მედიის, პოლიტიკის, არჩევნების, სასამართლოს, კონფლიქტების და ბევრ საკითხთან დაკავშირებით.
„საინტერესო იყო ივანიშვილის მოსაზრებების გაცნობა. შეუძლებელია ყველა მოსაზრება ერთნაირი ან მისაღები იყოს. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და ვიცხოვროთ დღევანდელ რეალობაში.
საჭიროა მსგავსი შეხვედრები კიდევ ჩატარდეს. უფრო კონკრეტულად განხილვა ბევრი თემის, ბევრი საკითხია, რომელიც მხოლოდ ზოგადად შეფასდა, არადა დაკონკრეტება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
მივესალები მსგავს შეხვედრებს და ფორმატს. ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ ჩვენი მოსაზრება დაგვეფიქსირება. მე სხვა ასეთი ღია და გამჭვირვალე შეხვედრა არ მახსოვს, სადაც მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეეძლოთ ეკამათათ, ჩვენ ასეთი პირდაპირი ხიდის საშუალება კიდევ ბევრჯერ უნდა გამოვიყენოთ“,-აცხადებს ტუღუში.