დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის , გიგი უგულავას, ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრებს უკავშირდება, ვანო ჩხარტიშვილმა განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ ეს ჩანაწერები 2003 წელს არის გაკეთებული, როცა მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა დამოუკიდებებლი მედიის განადგურების გეგმა უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა.
მისი შეფასებით, სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებულ კადრები თვალნათელი დასტურია იმისა, რომ დამოუკიდებელი მედია და მისი მეპატრონეები ასეთი ზეწოლის ქვეშ ერთ-ერთი პირველები აღმოჩნდნენ.
From.ge ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სულის სიღრმემდე შემძრა წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრებმა, რომლებმაც ამ დღეებში მსოფლიო შემოიარა და გააოგნა. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არა რამდენიმე თანამშრომლის მიერ ჩადენილ გამონაკლის შემთხვევებთან, არამედ ძალადობაზე აგებულ რეჟიმთან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. გაიცემოდა ბრძანებები ასეთი ვიდეოების დასამზადებლად, და იმისათვის, რომ ეს ვიდეოები ციხის უფროსს და მთავრობის ჩინოვნიკებს გადასცემოდა. უფრო მეტიც, ამგვარი ძალადობა სააკაშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და ოპონენტების დაშინება-დაშანტაჯების ინსტრუმენტად იქცა.
რაც შეეხება, სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებულ კადრებს, ეს თვალნათელი დასტურია იმისა, რომ დამოუკიდებელი მედია და მისი მეპატრონეები ასეთი ზეწოლის ქვეშ ერთ-ერთი პირველები აღმოვჩნდით. ვადასტურებ, რომ კადრებში ასახული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2003 წლის მიწურულს შედგა. ის ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი მედიის განადგურების გეგმა. ეს კარგად ჩანს აღნიშნულ კადრებში. ზეწოლა დღითიდღე გაძლიერდა და პიკს მიაღწია ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ. ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის შესახებ ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვებმა ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა და არნახული ზეწოლის გამო მე იძულებული გავხდი ტელეკომპანია „მზე“ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დავდექი არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და ბიზნეს-სტრუქტურების ასობით თანამშრომელი.
ტელეკომპანია „მზის“ მითვისებაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ პრეზიდენტის აპარატის მაშინდელი უფროსი და თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი. სააკაშვილის, უგულავასა და ბეჟუაშვილის წინააღმდეგ, ტელეკომპანია „მზის“ მიტაცებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სასამართლოში პროცედურები უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ ტელეკომპანია „მზეს“ დავიბრუნებ, რომელსაც სამართავად გადავცემ საზოგადოებრივ საბჭოს, რათა ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს ძლიერი საგანმანათლებლო-შემეცნებითი არხი.
ასე რომ, უცხოეთში გახიზნული ათასობით თანამემამულის მსგავსად, მეც ერთი იმათგანი ვარ, ვინც სააკაშვილის ძალადობას გამოექცა. მიუხედავად ხელისუფლების მძაფრი ზეწოლისაა და მუქარისა, მე არ წავედი კომპრომისზე უკეთურებასთან და ხელი არ დავადე უდანაშაულო ადამიანს. ასე აღმოვჩნდი ემიგრაციაში. ჩემი ოჯახი, მათ შორის 8 წლის შვილიშვილი მთელი 23 დღის განმალობაში ხელისუფლების მძევალი იყო და მათ ჩემს დასაშანტაჟებლად იყენებდა. ღვთის წყალობით, მათი გამოხსნა მოხერხდა და ორ წელზე მეტია ლონდონში ვცხოვრობ და ბიზნესით ვარ დაკავებული. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი რომ, აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, რადგან ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას.
ნამდვილად ვერ ვიმარჩიელებ თუ რას ემსახურება წინასაარჩევნოდ აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება, ვერც იმაზე ვიმსჯელებ, თუ რომელი ჩამწერი სამთავრობო კანტორიდან ჟონავს ეს ინფორმაციები, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ახლა მთავარია, შებღალული ღირსება აღვიდგინოთ და ამაში გადამწყვეტი 1 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებია. სწორი და, რაც მთავარია, თავისუფალი არჩევანის გაკეთებით ჩვენს ქვეყანას ეყოლება ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება, რაც თავისთავად იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი პიროვნული და მთელი ერის, ქვეყნის ღირსების აღდგენის გზაზე. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქართული დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი გახდება.
ამ საქმეში მე ჩემს წვლილს შევიტან.
ივანე ჩხარტიშვილი
ლონდონი, 27 სექტემბერი 2012